fbpx

მარტივი საახალწლო განსავითარებელი თამაშები 1.5-4 წლის ბავშვისთვის


  • იანვარი 13, 2022
მარტივი საახალწლო განსავითარებელი თამაშები 1.5-4 წლის ბავშვისთვის

იმედია დღესასწაულებმა მხიარულად ჩაიარა თქვენს სახლებში და თქვენი პატარებიც გაერთნენ. ჯერ კიდევ თუ გაქვთ საახალწლო განწყობა ეს ბლოგ-პოსტი აუცილებლად გამოგადგებათ.

ახალი წლის კონცეფცია 1.5 – 4 წლამდე ბავშვისთვის შეიძლება სრულიად ახალი და გაურკვეველი იყოს. თუმცა, ძალიან ხიბლავთ სხვადასხვა ფერის განათებები, დეკორაციები, ნაძვის ხე და ეს თეთრ წვერიანი უცნობი ბაბუაც საინტერესოდ გამოიყურება. ჩვენს სადღესასწაულო, დადებით განწყობასაც კარგად გრძნობენ და მათაც უანგაროდ უხარიათ. მოდი კიდევ უფრო გავუღვივოთ ეს სიხარული, ვასწავლოთ რა არის ახალი წელი სასარგებლო აქტივობების დახმარებით.


ბევრი ძიების შემდეგ, გთავაზობთ ჩემს 2 წლის შვილზე გამოცდილ 4 საახალწლო აქტივობას, რომლებმაც დიდი აღტაცება დაიმსახურა და ბევრი ბედნიერი მოგონება გვაჩუქა. აქტივობები განკუთვნილია 1.5 – 4 წლამდე ბავშვებისთვის და ამ ასაკისთვის მნიშვნელოვანი უნარების განვითარებაზეა ორიენტირებული. მაგალითად: ფერების და ფორმების გარჩევა, წვრილი და მსხვილი მოტორიკის განვითარება, ძალის მოზომვა, და ყველაზე სასიამოვნო მშობლისთვის: დამოუკიდებლად თამაშის უნარი!   რაც მთავარია, ყველა აქტივობა ძალიან მარტივი მოსამზადებელია და არ წაგართმევთ ბევრ დროს.

როგორც წყაროები გვირჩევენ, უფრო დიდი და-ძმაც შეგიძლიათ ჩართოთ თამაშებში. ისინიც ძალიან გაერთობიან და მათი ჯადოსნური ურთიერთობის ჩამოყალიბებასაც კიდევ უფრო შეუწყობთ ხელს.

1. ნაძვის ხე და პომპომები

დაგჭირდება:

  • მუყაოს ყუთი
  • მაკრატელი ან საკანცელარიო დანა
  • ნაჭრის პატარა და დიდი ფერადი პომპომები (ნახავთ გალანტერიებში)
  • ფლომასტერი ან ბრჭყვიალა მისაკრავი ქაღალდები (მე შევიძნე ჭიტაში, თუმცა საკანცელარიოებშიც იპოვნით)


ეს თამაში ყველაზე მეტად მოეწონა ჩემს შვილს და უკვე მესამე კვირაა ისევ თამაშობს. მოსამზადებლად სულ 10-15 წუთი დაგჭირდებათ, მასალებიც ძალიან ბიუჯეტურია.

ჩვეულებრივ ქაღალდზე მარტივად მოხაზეთ ნაძვის ხის ფორმა და ჩახატეთ კუბიკები ფლომასტერით. ეს ქაღალდი დააკარით ყუთს და კუბიკების ნაწილი საკანცელარიო დანით ამოჭერით ყუთზე, ისე როგორც ფოტოებშია. თუ უფრო შემოქმედებითად გსურთ მიუდგეთ, დასაკრავი ბრჭყვიალა ქაღალდებით შეგიძლიათ გააკეთოთ ყუთზე ნაძვის ხე. მე ეს ქაღალდები შევიძინე მაღაზია “ჭიტაში”, თუმცა იპოვით საკანცელარიოებშიც.

სხვადასხვა ფერის პომპომები ბავშვმა უნდა ჩააგდოს ამოჭრილ ნაწილებში. ძალიან კარგია წვრილი მოტორიკის განსავითარებლად, ფერებისა და ზომების სასწავლად.

2. ნაძვის ხე ფანჯარაზე

დაგჭირდება:

  • მისაკრობი ბრჭყვიალა ქაღალდები
  • ქაღალდის სკოჩი (მინისო ან საკანცელარიო მაღაზიები)
  • მაკრატელი

ფანჯარაზე ქაღალდის სკოჩით მიაკარით ნაძვის ხის ფორმა. უხეშად დაჭერით სხვადასხვა ფერის წებოვანი ქაღალდი  კვადრატებად, წრეებად, სამკუთხედებად. ზუსტად 5 წუთი დამჭირდა ამ ყველაფრის გასაკეთებლად. თან ჩემს შვილს ხალისით ვუხსნიდი რას ვაკეთებდი და როგორ უნდა ეთამაშა. მნიშვნელოვანია ნებისმიერი აქტივობის დაწყებამდე დავანახოთ, რომ ძალიან გვეხალისება მისი კეთება, ეს განწყობა პატარებზეც მარტივად გადადის. ფორმების ცნობა ჯერ კარაგდ არ იცის და ძალაინ მოეწონა წებოვანი ფიგურების მიკვრა ნაძვის ხეში. ყველა ჯერზე სიხარულით აცხადებდა რომელი ფერი ან ფორმა იყო და მეც დიდ აღფრთოვანებას გამოვხატავდი.

 

3. გააფორმე პაწაწინა ნაძვის ხე

დაგჭირდება:

  • პლასტელინი
  • გასაფორმებელი საკონდიტრო ფერადი აქსესუარები (შოკოლადის კუბიკები, შაქრის ბურთულები და ა.შ.)
  • ორცხობილების ამოსაჭრელი ფორმა
  • ცომის გასაბრტყელებელი


გააბრტყელებინეთ პატარას პლასტელინი და ამოაჭრევინეთ ორცხობილების ფორმით. ჩვენ რახან ნაძვის ხე გვქონდა მწვანე ფერი შევარჩიეთ. ნებისმიერი სხვა ფორმა და ფერიც გამოდგება. შემდეგ საკონდიტრო აქსესუარებით გავაფორმეთ ეს ფიგურები. რახან სანდრო პატარაა, ხშირად უნდება ახალი ნივთების გემოს გაგება. ამიტომაც ვიყიდე საკონდიტრო ნაწარმი, ანუ ისეთი რისი გადაყლაპვისაც არ შემეშინდებოდა.

ეს აქტივობა ძალიან კარგია იმისთვის, რომ ბავშვმა შეძლოს პატარა ნივთების აღება, და ზუსტად იქ დასმა სადაც სურს. ანუ ხელისა და თითების მოძრაობისა და ძალის კონტროლის სწავლაში ეხმარება. 2 წლის სანდროს, ძალის კონტროლი ცოტა გაუჭირდა, თუმცა პირველი ნაბიჯებისთვის ძალიან კარგი აღმოჩნდა ეს აქტივობა.

 

 

4. მაგნიტური ნაძვის ხე

დაგჭირდება:

  • ფერადი მაგნიტები ( ესეც მაღაზია”ჭიტაში” ვიპოვე, სხვადასხვა ზომის და ფერის)
  • ქაღალდი
  • მაკრატელი
  • ქაღალდის სკოჩი

ეს ყველაზე უცებ მოსამზადებელი თამაშია. გამოჭერით მწვანე ან სხვა ფერის ქაღალდისგან ნაძვის ხე, სასურველია მოზრდილი ზომის. ქაღალდის წებოთი მყარად მიაკარით მაცივარს. სათამაშოდ მზად ხართ. ბავშვის მიზანია ნაძვის ხეს მიამაგროს მაგნიტები. ეს ისეთი თამაშია სადაც ბავშვს არ ჭირდება მშობლის დახმარება. დღის სხვადასხვა მონაკვეთში სანდრო თავისით მიდიოდა მაცივართან და მშვენივრად ირთობდა თავს.

იმედია გამოგადგებათ ეს თამაშები, ბევრს იცინებთ და ბევრსაც ისწავლით.

მეტი საახალწლო და განსავითარებელი აქტივობების სანახავად იხილეთ ჩვენი სხვა ბლოგ-პოსტებიც.

გისურვებთ საინტერესო და პროგრესით სავსე წელს!