fbpx

როგორ ავუხსნათ ბავშვებს ომი?


  • მარტი 30, 2022
როგორ ავუხსნათ ბავშვებს ომი?

დღევანდელ რეალობაში ყველგან ვაწყდებით სტატიას, ვიდეოს, ფოტოსა თუ ნებისმიერი სხვა სახის ინფრომაციას ომზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ისეთი გრძნობები, როგორიცაა შიში, სევდა, ბრაზი და შფოთვა, სადაც არ უნდა ვცხოვრობდეთ და რა ასაკისაც არ უდნა ვიყოთ. აუცილებელია ყურადღებით ვიყოთ ბავშვებთან, რადგან მათ შემთხვევაში ეს ინფორმაცია არ ვიცით როგორ გადამუშავება.

ბავშვები ყოველთვის ელიან მშობლებისგან უსაფრთხოების განცდის შექმნას – მით უმეტეს, კრიზისის დროს. სრულიად ნორმალურია, თუ თქვენც დაბნეული ხართ და არ იცით როგორ გამოეხმაუროთ, შვილის ან ნებისმიერი ბავშვის კითხვებსა თუ ემოციებს ამ საკითხზე.

გადავწყვიტეთ, UNICEF-ის რამდენიმე რჩევა გაგიზიაროთ,  რომელიც დაგეხმარებათ ბავშვთან ომზე ჯანსაღად საუბარში.

1. გაარკვიეთ რა იციან და როგორ გრძნობენ თავს

შეარჩიეთ დრო და ადგილი, სადაც შეძლებთ მშვიდად, ბუნებრივად საუბარს და თქვენი შვილიც უფრო კომფორტულად იგრძნობს თავს, მაგალითად, სადილის დროს. შეეცადეთ მოერიდოთ ამ თემაზე საუბარს ძილის წინ.

კარგი დასაწყისი იქნება, ჰკითხოთ თქვენს შვილს, რა იცის და როგორ გრძნობს თავს. ზოგიერთმა ბავშვმა შეიძლება ცოტა რამ იცოდეს ომის შესახებ და არ იყოს დაინტერესებული ამაზე ლაპარაკით, თუმცა ზოგმა შეიძლება უთქმელად ინერვიულოს. მცირეწლოვან ბავშვებთან ხატვა, ისტორიების მოყოლა და სხვა აქტივობები შეიძლება დაგვეხმაროს დისკუსიის გახსნაში.

ბავშვებს ახალი ამბების აღმოჩენა ბევრი გზით შეუძლიათ , ამიტომ მნიშვნელოვანია მიაქციოთ ყურადღება რას ხედავენ და ისმენენ. ეს იქნება მათი დამშვიდებისა და  არაზუსტი ინფორმაციის შესწორების შესაძლებლობა.

ამაღელვებელი სურათებისა და სათაურების მუდმივმა ნაკადმა შესაძლოა ბავშვს შთაბეჭდილება დაუტოვოს, რომ კრიზისი ჩვენს გარშემოა. შედარებით უმცროსმა ბავშვებმა შეიძლება ვერ განასხვავონ ეკრანზე გამოსახული სურათები და მათი პირადი რეალობა და შეიძლება დაიჯერონ, რომ ისინი საფრთხის ქვეშ არიან, მაშინაც კი, თუ კონფლიქტი შორს ხდება. უფროსმა ბავშვებმა შეიძლება ნახონ შემაშფოთებელი რამ სოციალურ მედიაში და შეეშინდეთ იმის, თუ რა განვითარება შეიძლება მოყვეს.

მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს მათი შეშფოთების იგნორირება ან უარყოფა. თუ ისინი დასვამენ შეკითხვას, მაგალითად, „ჩვენ ყველანი მოვკვდებით?“, დაამშვიდეთ ისინი, რომ ეს არ მოხდება, მაგრამ ასევე შეეცადეთ გაარკვიოთ, რა მოისმინეს და რატომ აწუხებთ ეს. თუ თქვენ გესმით, საიდან მოდის წუხილი, უფრო მეტად შეძლებთ მათ დამშვიდებას.

მნიშვნელოვანია დაანოხოთ, რომ აღიარებთ მათ გრძნობებს და აუხსნათ, რომ რასაც გრძნობენ ბუნებრივია. შეახსენეთ, რომ მათ ყოველთვის შეუძლიათ ისაუბრონ თქვენთან ან სხვა სანდო ზრდასრულთან, როცა მოესურვებათ.

2. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და გაითვალისწინეთ მათი ასაკი

ბავშვებს აქვთ უფლება იცოდნენ რა ხდება მსოფლიოში, თუმცა უფროსებს უნდა გვახსოვდეს ჩვენი პასუხისმგებლობა, დავიცვათ ისინი შფოთვის გამომწვევი ფიქრებისგან. თქვენ ყველაზე კარგად იცნობთ თქვენს შვილს. გამოიყენეთ ასაკის შესაბამისი ენა, დააკვირდით მათ რეაქციებს და იყავით მგრძნობიარე მათი სადარდებლის მიმართ.

რა თქმა უნდა, ნორმალურია, თუ თქვენც დარდობთ ან ღელავთ იმაზე, რაც ხდება. მაგრამ გახსოვდეთ, რომ ბავშვები თავიანთ ემოციებს უფროსებისგან იღებენ, ამიტომ ეცადეთ ზედმეტად არ გაუზიაროთ რაიმე შიში თქვენს შვილს. ისაუბრეთ მშვიდად და მიაქციეთ ყურდღება თქვენს სხეულის ენას, მაგალითად მიმიკას.

შეძლებისდაგვარად დაარწმუნეთ თქვენი შვილები, რომ ისინი დაცულები არიან ყოველგვარი საფრთხისგან. შეახსენეთ მათ, რომ ბევრი ადამიანი მუშაობს მთელ მსოფლიოში კონფლიქტის შესაჩერებლად და მშვიდობის მოსაპოვებლად.

ნორმალურია, თუ არ გაქვთ პასუხი ყველა კითხვაზე. უთხარით ბავშვს, რომ თქვენ აუცილებლად მოძებნით პასუხებს სანდო წყაროების დახმარებით. ან გამოიყენეთ ეს, როგორც შესაძლებლობა უფროს ბავშვებთან და პასუხების ერთად პოვნა შესთავაზეთ. გამოიყენეთ სანდო წყაროები ან საერთაშორისო ორგანიზაციების ვებგვერდები, როგორიცაა UNICEF და გაერო. აუხსენით, რომ ზოგიერთი ინფორმაცია ონლაინ არ არის ზუსტი და მნიშვნელოვანია სანდო წყაროების მოძიება.

3. დაანახეთ თანაგრძნობა და არა დისკრიმინაცია

კონფლიქტს ხშირად შეიძლება მოჰყვეს ცრურწმენა და დისკრიმინაცია, ხალხის თუ ქვეყნის წინააღმდეგ. შვილებთან საუბრისას მოერიდეთ იარლიყებს, როგორიცაა „ცუდი ადამიანები“ ან „ბოროტები“. ამის ნაცვლად ეცადეთ ბავშვს გაუჩნდეს თანაგრძნობის განცდა, მაგალითად, იმ ოჯახების მიმართ, რომლებიც იძულებულნი არიან დატოვონ თავიანთი სახლები.

მაშინაც კი, თუ კონფლიქტი ხდება ჩვენგან  შორს, მაინც შეიძლება დისკრიმინაციის ნიშნები ჩვენს გარემოში გაჩნდეს. დარწმუნდით, რომ თქვენი შვილები არ განიცდიან ან არ უწყობენ ხელს ბულინგის. თუ სკოლაში მათ აბუჩად იგდებენ, აუხსენით რომ აუცილებელია, გითხრათ თქვენ ან მისთვის სანდო ზრდასრულს.

შეახსენეთ თქვენს შვილებს, რომ ყველა იმსახურებს უსაფრთხოებას სკოლაში და საზოგადოებაში. ბულინგი და დისკრიმინაცია ყოველთვის არასწორია და თითოეულმა ჩვენგანმა უნდა შევიტანოთ  წვლილი სიკეთის გასავრცელებლად და ერთმანეთის მხარდასაჭერად.

4. ფოკუსირდით დამხმარეებზე

ნახეთ, სურს თუ არა თქვენს შვილს მონაწილეობა მიიღოს დასახმარებელ აქტივობებში. მაგალითად, დახატონ პოსტერი ან დაწერონ წერილი მშვიდობაზე, ან იქნებ თქვენთან ერთად მონაწილეობა მიიღოს სახსრების შეგროვებაში, ან შეუერთდეთ პეტიციას. რაღაცის კეთების გრძნობა, რაც არ უნდა მცირე იყოს, ხშირად დიდი კომფორტის მომტანია ასეთ დროს.

5. მზრუნველობით დაასრულეთ საუბარი

საუბრის დასრულებისას მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, რომ არ ტოვებთ თქვენს შვილს სტრესულ მდგომარეობაში. შეეცადეთ შეაფასოთ მათი შფოთვის დონე მათი სხეულის ენაზე, ხმის ტემბრზე და სუნთქვის სიხშირეზე დაკვირვებით.

შეახსენეთ მათ, რომ თქვენ ზრუნავთ და მზად ხართ მოუსმინოთ, მხარი დაუჭიროთ, როცა ისინი წუხან.

6. განაგრძეთ შემოწმება

კონფლიქტის გაგრძელებასთან ერთად, თქვენ უნდა გააგრძელოთ თქვენი შვილის შემოწმება, რომ რამე არ გამოგეპაროთ. როგორ გრძნობენ თავს? აქვთ რაიმე ახალი შეკითხვა ან რამე, რაზეც სურთ თქვენთან საუბარი?

თვალ-ყური ადევნეთ მის ქცევასა და ფიზიკურ მდგომარეობას, როგორიცაა კუჭის ან თავის ტკივილი, კოშმარები ან უძილობა.

ბავშვებს განსხვავებული რეაქცია აქვთ არასასურველ მოვლენებზე და სტრესის ზოგიერთი ნიშანი შეიძლება არც ისე აშკარა იყოს. უმცროსი ბავშვები შეიძლება ჩვეულებრივზე უფრო მეტად მიეკედლონ მშობლებს, ხოლო მოზარდებმა შეიძლება გამოხატონ სიტყვიერად. ამ რეაქციებიდან ბევრი ხანმოკლე დროით გრძელდება და ეს ნორმალურია. თუ ეს რეაქციები გაგრძელდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში, თქვენს შვილს შეიძლება დასჭირდეს სპეციალისტის დახმარება.

თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ მათ სტრესის შემცირებაში ისეთი აქტივობებით, როგორიცაა მუცლის სუნთქვა:

  •  5 წამის განმავლობაში ჩაისუნთქეთ და 5 წამის განმავლობაში ამოისუნთქეთ, ჩაისუნთქეთ ცხვირით და ამოისუნთქეთ პირით.
  • შეგიძლიათ თამაშის სახე მისცეთ: როცა ჩაისუნთქავს მუცელი ბუშტივით რბილად გაიბერება, ამოსუნთქვისას კი ჰაერი ისევ ნელა გამოდის ბუშტიდან.
  • მზად იყავით ესაუბროთ თქვენს შვილს, თუ ის ოდესმე წამოაყენებს ამ საკითხს. 
  • თუ ეს ძილის წინ მოხდება, დაასრულეთ რაღაც პოზიტიურით, როგორიცაა საყვარელი ისტორიის წაკითხვა, რათა მათ კარგად დაიძინონ.

7. შეზღუდეთ ახალ ამბებზე წვდომა

როცა ახალი ამბები სავსეა საგანგაშო სათაურებითა და შემაშფოთებელი სურათებით და ბავშვიც ხედავს, სჯობს წვდომა შეუწყვიტოთ. უფროსი ბავშვების შემთხვევაში, შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს, როგორც შესაძლებლობა, განიხილოთ თუ რამდენ დროს ატარებენ ისინი ახალი ამბების მოსმენასა თუ კითხვაში და რომელ საინფორმაციო წყაროებს ენდობიან. ასევე გაითვალისწინეთ, თუ როგორ საუბრობთ კონფლიქტზე სხვა უფროსებთან, თუ თქვენი შვილებიც იქვე არიან.

შეძლებისდაგვარად შეეცადეთ პოზიტიურად გაუფანტოთ ყურადღება, მაგალითად თამაშით ან ერთად გასეირნებით.

8. იზრუნეთ საკუთარ თავზე

თქვენ შეძლებთ თქვენს შვილებს უკეთესად დაეხმაროთ. თუ თქვენც გაუმკლავდებით სტრესს, ბავშვები მოგბაძავენ. ისინიც  გააცნობიერებენ, რომ მშვიდად ხართ და სიტუაციას აკონტროლებთ.

თუ გრძნობთ შფოთვას, დაუთმეთ დრო საკუთარ თავს და დაუკავშირდით სხვა ოჯახს, მეგობრებს და სანდო ადამიანებს. იზრუნეთ იმაზე, თუ როგორ იღებთ სიახლეებს: სცადეთ დღის განმავლობაში განსაზღვროთ ძირითადი დროები, რათა შეამოწმოთ რა ხდება და ნუ იქნებით მუდმივად ონლაინ. რამდენადაც შეგიძლიათ, დაუთმეთ დრო იმ საქმეებს, რომლებიც დაგეხმარებათ დაისვენოთ და განიტვირთოთ.

იმედია, დაგეხმარათ ეს ინფრომაცია. გისურვებთ მშვიდობას!

წყარო: UNICEF