fbpx

გააკეთე 4 უმარტივესი საახალწლო დეკორაცია ბავშვთან ერთად


  • დეკემბერი 2, 2021
გააკეთე 4 უმარტივესი საახალწლო დეკორაცია ბავშვთან ერთად

ყველაზე საოჯახო, თბილ და ჯადონსურ დღესასწაულამდე სულ ცოტა დრო დარჩა! თუ ჯერ არ ღიღინებ საახალწლო სიმღერებს და ვერ შეიქმენი შესაბამისი განწყობა, ლოგოსის ელფები მზად ვართ დაგეხმაროთ!

ახალი წელი პატარებისთვის განსაკუთრებული დღესასწაულია. მშობლებსაც თავიდან გვახსენდება ჩვენი შეგრძნებები და განსაკუთრებულად გვიხარია ჩვენს შვილებთან ერთად ახალი წლის დადგომა. თუმცა, უდროობა ხშირად ხელს გვიშლის განწყობის შექმნაში. 

არ არის აუცილებელი გოზინაყითა და ნაძვის ხის აწყობით დაიწყო სამზადისი. პატარა ნაბიჯები უფრო სასიამოვნოს გახდის ამ პროცესს. ამიტომაც გთავაზობთ 4 უმარტივეს დეკორაციის მომზადების მეთოდს, რომელსაც ბავშვთან ერთად შექმნი.  ეს აქტივობები აუცილებლად შეგიქმნით ჯადოსნურ განწყობას დიდებსაც და პატარებსაც.

1. სანტას ჩარჩო ფოტოსთვის

ფოტო: Pay.Learn.Grow.

ამ უსაყვარლესი ჩარჩოს შესაქმნელად დაგჭირდებათ:

  • ქაღალდის ერთჯერათი თეთრი თეფში
  • ბამბის ბურთულები (ნებისმიერ აფთიაქში იპოვით)
  • წითელი ქაღალდი
  • მაკრატელი
  • წებო ან სკოჩი


თეფშის შუაგული ამოჭერი წრეზე. წითელი ქაღალდისგან გამოჭერი სამკუთხედი სანტას ქუდი და მიაკარი თეფშის ერთ კიდეს. ბამბის ბურთულები მიაკარი ქუდის ქვედა ხაზზე, სამკუთხედის ზედა კუთხეში და თეფშის ქვედა ნაწილზე, ისე როგორც ფოტოშია.

სანტას ჩარჩოში გადაღებული ოჯახის წევრებისა და მეგობრების ფოტოები სულ დაგრჩება საახალწლო მოგონებად.

 

2.ანგელოზები

ფოტო: Pay.Learn.Grow.

ანგელოზები ყოველთვის უხდება საახალწლო დეკორაციებს. ეს ანგელოზები იმდენად მარტივი გასაკეთებელია, რომ სულ რაღაც 15 წუთში შეძლებ ბავშვთან ერთად მის შექმნას. დაგჭირდება:

  • ქაღალდის ერთჯერადი თეთრი თეფშები
  • თეთრი ან ვარდისფერი ქაღალდი
  • მაკრატელი
  • წებო ან სკოჩი
  • ფლომასტერი ან ფანქარი
  • ძაფი ან ლენტი

დასაკიდებელი ანგელოზი (მეორე ფოტო):

გაჭერი ქაღალდის თეფში ოთხ ნაწილად. ორი უფრო დიდი და ორი შედარებით მომცრო. პატარა ნაწილი ტანია, რომელსაც უკანა მხარეს მიუმაგრებ ორ დიდ ნაწილს, ფრთებს. ახლა თავი გავაკეთოთ.  წრე გამოჭერი დარჩენილი მეოთხე ნაწილისგან, ან ვარდისფერი ქაღალდისგან მეტი კონტრასტისთვის. მიაკარი წინა მხრიდან ტანის ზედა კუთხეს. დარჩენილი თეფშის, ან ვარდისფერი ქაღალდისგან გამოჭერი პატარა ხელები და მიაკრი ტანს, ისე როგორც ფოტოზეა.  ფლომასტერით ან ფანქრით დაახატე მარტივი მომღიმარი სახე ანგელოზს. ძაფით ან ლამაზი ლენტით შეგიძლია გაუკეთო საკიდი უკანა მხრიდან. ლამაზი იქნება ნაძვის ხეზეც ან კედლების გასაფორმებლად.

 

მომღერალი ანგელოზი (პირველი ფოტო):


ერთჯერადი თეფში გადაჭერით შუაზე. ერთი ნაწილი თანაბარად გადაჭერი. მეორე კი დაახვიე კონუსის ფორმაზე და დაამაგრე სკოჩით. ანგელოზის ტანი და ფრთები მზად არის! მიამაგრე ფრთები დასკოჩილ მხარეს ზურგზე. ვარდისფერი ქაღალდისგან გამოჭერი თავი, დაახატე მომღერალი სახე, როგორც ფოტოზეა. ვარდისფერი ქაღალდისგან გამოჭერი ხელები და მიაკარი შესაბამის ადგილებზე. შეგიძლია პატარა ნოტების წიგნაკიც დააჭერინო, ისე როგორც ფოტოზეა. შემოასკუპე თაროებზე და დატკბით.

 

3.ელფიკების ოჯახი

ფოტო: thebestideasforkids

მოდი, მთელი ოჯახი საახალწლო ელფებად ვაქციოთ. დაგვჭირდება:

  • ოჯახის წევრების ამობეჭდილი ფოტოები
  • მწვანე და წითელი ქაღალდი
  • მაკრატელი
  • ქაღალდის წებო
  • ფლომასტერი ან ფანქარი
  • ბამბა
  • ძაფი ან ლენტი

ჯერ ყველაფერი დაჭერი და გაამზადე. გამოჭერი ოჯახის წევრების თავები. ახლა მწვანე ქაღალდებისგან გამოჭერი წრეები. ეს ელფიკების ტანები იქნება. ფეხები და ხელებით დაჭერი მწვანე ქაღალდისგან გრძელ ერთნაირი ზომის ზოლებად. ზოლები დაკეცე გარმონივით და გაშალე. ახლა წითელი ხელთათმანების და ფეხსაცმელების ჯერია. თუ არ ენდობი შენს ოსტატობას უბრალოდ წრეები გამოჭერი. წითელი ქაღალდისგან გამოჭერი საყელო, ისეთი როგორიც ფოტოზეა. ბოლოს კი გამოჭერი პატარა სამკუთხედი ქუდი წითელი ქაღალდისგან.

ახლა ააწყვე ელფიკები, რომ დროულად შეუდგნენ საახალწლო ფუსფუსს.
გარმონის ხელებს და ფეხებს მიაწებე ბოლოებში ხელთათმანები და ფეხსაცმელები. მწვანე წრეებს ერთ მხარეს მიაკარი აწყობილი ფეხები და ხელები. თავს მიაწებე სამკუთხედი ქუდი. მიამაგრე თავი  და ზემოდან დააკარი საყელო. ბამბით შეგიძლია გაუფორმო წითელი ქუდი. ლენტით ან ძაფით გაუკეთე საკიდი ან პირდაპირ დაასკუპე სადაც მოგესურვება.

 

4.ქანქარა სანტა

ეს ძალიან, ძალიან მარტივი დეკორაციაა, რომელიც გაამხიარულებს შენს პატარას.

დაგვჭირდება:

  • თეთრი და წითელი ქაღალდი
  • მაკრატელი
  • ქაღალდის წებო
  • შავი ფლომასტერი ან ფანქარი

დამზადების მეთოდი ნახე ვიდეოში.

იმედია მოგეწონა ჩვენი შემოთავაზებები და უკვე გრძნობ ახალი წლის ჯადოსნურ მუხტს.

სასიამოვნო დროს გატარებას და ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ!