როგორ გავზარდოთ მოტივაცია ბავშვებში?
მიიწურა არდადეგები და დროა შენი შვილი დაუბრუნდეს სასწავლო რეჟიმს. ხანდახან ეს პროცესი რთულია ბავშვისთვის. შენც ხომ გიჭირს ხოლმე შვებულებიდან სამუშაო რეჟიმზე გადასვლა? ჩვეულებრივი ამბავია, ყველას ტვინი ესეა მოწყობილი. ტვინს უყვარს რუტინა. როცა რუტინას, ანუ ჩვენს ყოველდღიურ აქტივობებს ვცვლით ტვინი დისკომფორტს განიცდის და გვჩუქნის ჯადოსნურ “სიზარმაცეს”! არაუშავს, მოვერევით!
გთავაზობთ უამრავი კვლევის ხარჯზე გამოცდილ ხერხებს, იმისთვის რომ გავზარდოთ მოტივაცია ბავშვში და რუტინის შექმნა ბევრად უფრო სასიამოვნო პროცესი გავხადოთ.
პირველ რიგში, რაც უნდა ვიცოდეთ, მოტივაცია ორი სახისაა: შინაგანი და გარეგანი. შინაგანი მოტივაცია ბუნებრივად ჩნდება ხალისის ხარჯზე. მაგალითად, ვთამაშობ, იმიტომ რომ თამაში მეხალისება და მოტივაციაც ბუნებრივად მაქვს.
გარეგანი მოტივაცია გულისხმობს აქტივობის შესრულებას, არა მისი თანდაყოლილი სიამოვნებისთვის, არამედ ცალკეული შედეგის მისაღწევად. მაგალითად, დიეტაზე ვარ არა იმიტომ რომ დიეტა სახალისოა, არამედ იმიტომ რომ მინდა კარგად გამოვიყურებოდე და სწორედ ეს სამომავლო შედეგია მოტივატორი.
1. შეწყვიტე მისი მოტივირების მცდელობა ტრადიციული გზით
თუ ამ ბლოგს კითხულობ, ესე იგი წახალისების გზების პოვნა გჭირდება. შესაძლოა ტრადიციული მოტივაციის მეთოდები შესაძლოა პირიქითაც მუშაობს და დემოტივაციის მიზეზია.
იმისთვის რომ შინაგანად მოტივირებული იყო, სიამოვნებას უნდა განიჭებდეს გარკვეული საქმიანობა. თუ ვინმეს არ სიამოვნებს რაიმე აქტივობა, ვერანაირი ბიძგი, მოსყიდვა ან მუქარა ვერ აიძულებს მას მოეწონოს ის. შესაბამისად
თუ ბავშვს არ სიამოვნებს გარკვეული აქტივობის კეთება, მისთვის ძალიან რთული იქნება მოტივაციის პოვნა.
ამ შემთხვევაში, ბავშვების მოტივაციის ტრადიციული გზები – დაჯილდოება, შექება, გაკიცხვა და დასჯა – კონტრპროდუქტიულია.
2. იყავი შთაგონების წყარო იმის ნაცვლად, რომ გააკონტროლო
დაჯილდოება, შექება, წუწუნი, გაკიცხვა და დასჯა არის სხვისი ქცევის კონტროლის გზები. მაკონტროლებელი მშობელი ვერ გაზრდის ბავშვის მოტივაციას, რადგან ცდილობს ზეწოლას, რაც არ არის კავშირში თვითონ აქტივობასთან. ანუ ბავშვმა აქტივობა შიშის ან დაჯილდოვების გამო არ უნდა გააკეთოს.
აჯობებს მისცე თავისუფლება და საკუთარი ქმედებების თვითინიცირების შანსი. ეს თავისუფლება აუცილებელი პირობაა შინაგანი ან გარეგანი მოტივაციისთვის. კვლევებმა აჩვენა, რომ დამოუკიდებლობის განცდამ შეიძლება გააძლიეროს პიროვნების შინაგანი მოტივაცია.
მაგალითად, როდესაც მოსწავლეები თავისუფლდებიან სწავლის აუცილებლობისაგან, ისინი ბევრად უფრო მარტივად სწავლობენ, უკეთ იგებენ შინაარსს და უფრო ხანგრძლივი ვადით ამახსოვრდებათ ნასწავლი. პირიქით ხდება როცა სწავლა ზეწოლის ხარჯზე მიმდინარეობს, მათი შინაგანი მოტივაცია მცირდება.
ასე რომ, შენი შვილის ეფექტურად მოტივაციისთვის, სკოლაში კარგად რომ ისწავლოს, დარწმუნდი, რომ მიზნად ისახავ შთაგონებას და არა კონტროლს. საუკეთესო გზაა აჩვენო თავად აქტივობის ხიბლი და როგორ შეიძლება ეს საქმე სიამოვნებით აკეთოს.
- დაანახე ბავშვს რატომ არის ახალი უნარების სწავლა სახალისო.
- სამუშაო გარემოს ნაცვლად შექმენი სასწავლო გარემო, მაგალითად აუხსენი რომ ვსწავლობთ როგორ შევიძინოთ ახალი ცოდნა და არა მხოლოდ როგორ შევასრულოთ საშინაო დავალება ან მივიღოთ კარგი ნიშანი.
- გააღვიძე მისი ცნობისმოყვარეობა ახალი საგნების მიმართ, მათი საჭიროებისა და ფუნქციების ახსნის ხარჯზე.
- მიეცი საშუალება თვითონ აირჩიოს აქტივობები თავისი ინტერესების შესაბამისად დაძალების გარეშე.
- ერთად და სწორად აღნიშნეთ წარმატების ეტაპები (მაგრამ ზედმეტად ან პირობითად ნუ შეაქებთ ).
- თუ შენიშვნა გაქვს, ეცადე მისცე კონსტრუქციული უკუკავშირი და არ გააკრიტიკო, უფრო მარტივად მიიღებს შენს რჩევას.
- როდესაც ბავშვს პრობლემა აქვს, დაეხმარე განიხილოს ის, როგორც გამოწვევა, რომლის დაძლევაც შეუძლია და არა სიძნელე, რომლის გადალახვაც საჭიროა.
- არ მოიხსენიო აქტივობა, როგორც ბავშვის „სამუშაო“.
3. დაეხმარე მას გარეგანი მოტივაციის გამოწვევაში
ზოგიერთი აქტივობისგან ვერ ვიღებთ სიამოვნებას. თუ ეს ასეა, დაეხმარეთ შვილს იმის დადგენაში, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი აქტივობა და რაში მდგომარეობს მისი საჭიროება.
მაგალითად, ფეხბურთის ვარჯიში ზოგჯერ რთულია. მაგრამ პრაქტიკა ოსტატობის მიღწევის კრიტიკული და აუცილებელი ნაწილია. აუხსენი შვილს, რომ თუ უნდა იყოს მაგარი ფეხბურთელი, უნდა ივარჯიშოს მაშინაც კი, როცა ეს არც თუ ისე სასიამოვნოა და ეზარება.
4. დაეხმარე მას გადაწყვეტილების მიღებაში და მიეცი საშუალება თავად გადაწყვიტოს
თავისუფლების განცდა უმნიშვნელოვანესია მოტივაციისთვის. ბავშვებს უნდა შეეძლოთ საკუთარი გადაწყვეტილებების მიღება, რათა იგრძნონ დამოუკიდებლობის განცდა, მაშინაც კი, როდესაც ისინი წინააღმდეგობაში მოდიან თავიანთ თავთან. თვითგამორკვევა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შინაგანი მოტივატორია.
ადამიანების უმეტესობას ეშინია, რომ თუ მათ შვილებს გადაწყვეტილების მიღების უფლებას მისცემენ, ბავშვები აუცილებლად მიიღებენ არასწორ გადაწყვეტილებებს და წარუმატებლობას განიცდიან. როგორც დაცემა არის სიარულის სწავლის გარდაუვალი ნაწილი, არასწორი გადაწყვეტილებების მიღებაც კარგი გადაწყვეტილების მიღების სწავლის გარდაუვალი და მნიშვნელოვანი ნაწილია. ბავშვებს სჭირდებათ გადაწყვეტილების მიღების პრაქტიკა, რათა მოიპოვონ თავდაჯერებულობა. თუ აქტივობა არ აყენებს ზიანს ჯანმრთელობას ან მის უსაფრთხოებას, მიეცი მას შანსი მიიღოს გადაწყვეტილება და შემდეგ მიეცი საშუალება გაუმკლავდეს შესაბამის შედეგებს.
მაგალითად, თუ ბავშვი უარს იტყვის საშინაო დავალების შესრულებაზე, მაშინაც კი, როცა აუხსენი მისი მნიშვნელობა, მიეცი საშუალება, რომ შესაბამისი შედეგი სკოლაში მიიღოს და იცოდეს რა მოჰყვება ამას.
მნიშვნელოვანია მშობლებმა გავიაზროთ, ბავშვები არ არიან ვალდებული ჩვენი ღირებულებებით იცხოვრონ. მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ვნანობთ, რომ არ ვუკრავდით ფორტეპიანოზე, არ ნიშნავს რომ ჩვენმა შვილებმა უნდა აისრულონ ჩვენი ოცნებები. ბავშვებს აქვთ საკუთარი ცხოვრება, ინტერესები და ოცნებები. თუ გვინდა რომ გვენდობოდნენ, პატივი უნდა ვცეთ მათ სურვილებსაც.
5. უპოვე ოპტიმალური გამოწვევა
შინაგანი მოტივაციის გაღვივების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა ბავშვს დაეხმარო რომ გაუჩნდეს კომპეტენციის შეგრძნება. თუ აქტივობა ძალიან მარტივია, ბავშვს სწრაფად მოსწყინდება. თუ ძალიან რთულია, ბავშვი იგრძნობს იმედგაცრუებას ან საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვს შეიტანს.
გამოწვევა ოპტიმალურია მაშინ, როცა დავალება ოდნავ უფრო რთულია, ვიდრე ის, რაც ბავშვმა უკვე აითვისა, თუმცა დაძლევადია პრაქტიკის ხარჯზე.
მნიშვნელოვანია მცირე ასაკიდანვე ჩამოვუყალიბოთ სწორი მიდგომა შრომისმოყვარეობისადმი. წაახალისე მისი შრომა და ნუ ეტყვი რომ ნიჭის დამსახურებაა. აუხსენი, რომ ბევრი შრომის ხარჯზე ნებისმიერი რამ მიიღწევა.
6. გაამყარე მასთან ურთიერთობა ნდობით და პატივისცემით
იმის გამო, რომ გარეგანად მოტივირებული აქტივობა ხშირად არ არის არსებითად სახალისო, ბავშვებს ნაკლებად აქვთ სურვილი მასში ჩართვის. მათი ინტერესი აქტივობის მიმართ გამოწვეულია იმ ადამიანებისგან, ვისთანაც კავშირს გრძნობენ. თუ მათთვის ძვირფასი ან საინტერესო ადამიანები ამ აქტივობას სახალისოდ აფასებენ, ბავშვებსაც უჩნდებათ მონაწილეობის მიღების სურვილი.
მარტივად რომ ვთქვათ, ნდობის ხარჯზე ხდება ინტერესის გაჩენა და მოტივაციის აღძვრა. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი ბავშვთან გვქონდეს ნდობაზე და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობა. ასეთ ურთიერთობაში ბავშვი თავს უსაფრთხოდ გრძნობს, რომ ახალი აქტივობები მოსინჯოს. ასეთი მშობლები მოუწოდებენ შვილებს მონაწილეობა მიიღონ პრობლემების გადაჭრაში. მათი ოჯახური გარემო უფრო დემოკრატიულია, ვიდრე ავტოკრატიული.
7. ჩაერთე
შენი, როგორც ავტორიტეტის და მეგობრის ჩართულობა ბავშის აქტივობებში შეიძლება ძალიან კარგი მაგალითი იყოს, როგორ ისიამოვნოს პროცესით. მაგალითად თუ შენს შვილს მოსწონს რომელიმე სპორტი, შეგიძლია სახლში ხანდახან მწვრთნელობა ან მისი გუნდელობა შეითავსო. ან უბრალოდ შეგიძლია მასთან ერთად იკითხო საღამოობით და მასთან ერთად აღფრთოვანდე ფანტასტიკური თავგადასავლებით.
გახსოვდეს რომ შენი ჩართულობა არ უნდა მოხდეს ბავშვის კონტროლის ხარჯზე, მისი მოტივაციის გაჩენაში მნიშვნელოვანია თავად აღმოაჩინოს და გადალახოს ბარიერები. შენი ფუნქცია მისი წახალისებაა.
იმედია გამოგადგა ჩვენი რჩევები და ახლა შენც მოტივირებული ბავშვის შთაგონებისთვის! ისიამოვნე ახალი აღმოჩნებეით შვილთან ერთად!