fbpx

დაწყებითი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის აღწერა

2023-2024 სასწავლო წლის კალენდარი

 

1. სასწავლო წელი ითვალისწინებს ორ სემესტერს. სასწავლო წელს ორ სემესტრად ყოფს ზამთრის არდადეგები.

2. 2023-2024 სასწავლო წლის დაწყების თარიღია: 2023 წლის 15 სექტემბერი, ხოლო დასრულების – 2024 წლის 14 ივნისი. 

3. 2023-2024 სასწავლო წლის პირველი სემესტრი მთავრდება 2023 წლის 29 დეკემბერს. მეორე სემესტრი იწყება 2024 წლის 15 იანვარს;

5. სასწავლო კვირა ხუთდღიანია. საჭიროების შემთხვევაში, დასაშვებია 6 დღიანი სწავლებაც. კერძოდ,  იმ შემთხვევაში თუ:

ა) სკოლა გადაწყვეტს ყოველდღიური საათობრივი ბადის განტვირთვას;

ბ) გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო სკოლაში გაცდება სასწავლო დღე/დღეები;

გ) ობიექტური მიზეზების გამო სკოლა მიზანშეწონილად მიიჩნევს კვირის რომელიმე დღე განსაზღვროს დასვენების დღედ.

6. I-VI კლასებში გაკვეთილის ხანგრძლივობა 40 წუთია;

7. გაკვეთილების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით შესაძლებელია დაშვებულ იქნეს გამონაკლისი როდესაც სკოლამ, შესაძლოა, ხანმოკლე ვადით შეცვალოს გაკვეთილების ხანგრძლივობა შემდეგ შემთხვევებში:

ა) ექსტრემალური პირობების დროს (ყინვა, განსაკუთრებული სიცხეები და ა.შ.);

ბ) სხვადასხვა სასკოლო ღონისძიების ჩატარების დროს.

8. გაკვეთილებს შორის შესვენების ხანგრძლივობა განისაზღვრულია ქვემოთ მოცემული დღს რეჟიმის მიხედვით

 

მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასების გზები       

 

შეფასების მიზანი

 

მოსწავლის შეფასების მთავარი მიზანია სწავლა-სწავლების ხარისხის მართვა, რაც გულისხმობს, ერთი მხრივ, სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვას და, მეორე მხრივ, სწავლა-სწავლების ხარისხის მონიტორინგს. შეფასება უნდა იძლეოდეს ინფორმაციას მოსწავლის ინდივიდუალური პროგრესის შესახებ.

 

მოსწავლის შეფასების ამოცანები

 

მოსწავლის შეფასების ძირითად ამოცანებს წარმოადგენს:

ა) აჩვენოს როგორ მიმდინარეობს მოსწავლის ცოდნის კონსტრუირების პროცესი და მეხსიერებაში ცოდნათა ურთიერთდაკავშირება;

ბ) ახალი სასწავლო საკითხის/თემის დაწყებამდე დაადგინოს მოსწავლის წინარე ცოდნა და წარმოდგენები;

გ) გამოავლინოს, რამდენად ახერხებს მოსწავლე საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების დამოუკიდებლად შეფასებას, ასევე რამდენად გააზრებულ და ეფექტიან ნაბიჯებს დგამს იგი საკუთარი წინსვლის ხელშესაწყობად;

დ) მოიცვას სამივე კატეგორიის ცოდნა;

ე) აჩვენოს, რამდენად ახერხებს მოსწავლე ცოდნის ერთობლიობათა ფუნქციურად გამოყენებას შინაარსიან კონტექსტებში.

 

ძირითადი ამოცანების გადასაჭრელად მოსწავლის შეფასებაში პრიორიტეტი მიენიჭება  კომპლექსური, კონტექსტის მქონე დავალებებს, რომელთა შესრულება მოსწავლეს უბიძგებს ცოდნის სხვადასხვა კომპონენტის ინტერაქტიულად და თანადროულად გამოყენებისკენ.

განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება

 

შეფასების მიზნიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეთა შეფასება დაუკავშირდეს არა მხოლოდ სწავლების შედეგს, არამედ სწავლის პროცესსაც. ამის უზრუნველსაყოფად სკოლაში გამოიყენება ორი ტიპის შეფასება: განმსაზღვრელი და განმავითარებელი.

 

განმსაზღვრელი შეფასება ადგენს მოსწავლის აკადემიური მიღწევის დონეს  საგნობრივი სასწავლო გეგმის შედეგებთან მიმართებაში. აფასებს ცოდნათა ურთიერთდაკავშირების, ცოდნის სამივე კატეგორიის გამოყენებისა და ცოდნის ერთობლიობათა ფუნქციურად გამოყენების   უნარს; 

განმავითარებელი შეფასება ადგენს თითოეული მოსწავლის განვითარების დინამიკას და მიმართულია სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე. მისი მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლის წინსვლასა და განვითარებას. განმავითარებელი შეფასებით ფასდება ცოდნის კონსტრუირებისა და ცოდნათა ურთიერთდაკავშირების პროცესი, მოსწავლის მიერ თავისივე ძლიერი და სუსტი მხარეების დადგენის უნარი, ცოდნის სამივე კატეგორიის ათვისების პროცესი, ცოდნის ერთობლიობათა ფუნქციურად გამოყენების უნარი, ასევე დგინდება წინარე ცოდნა/წარმოდგენები.

        

მოსწავლეთა განმსაზღვრელი შეფასების სისტემა

 

შპს „საერთაშორისო აკადემია ლოგოსში“ შეფასების სისტემა არის ხუთდონიანი და ათქულიანი. 10 ყველაზე მაღალი  ნიშანია, 1 კი – ყველაზე დაბალი. ათქულიანი სისტემა, ერთი მხრივ, უფრო ზუსტი შეფასების საშუალებას იძლევა, მეორე მხრივ, მეტ საშუალებას აძლევს მასწავლებელს, აჩვენოს მოსწავლეს პროგრესი თუ რეგრესი.

 

მოსწავლის აკადემიური მიღწევების შეფასება დონეებისა და ნიშნების მიხედვით

I-IV კლასებსა და V კლასის პირველ სემესტრში მოსწავლე არ ფასდება ქულებით.  ამ კლასებში მხოლოდ განმავითარებელი შეფასება გამოიყენება. წლის ბოლოს საგნის მასწავლებლებმა უნდა დაწერონ მოსწავლის მოკლე წერილობითი შეფასება, რომელშიც დაახასიათებს მოსწავლეს, აღნიშნავს მის წარმატებებს და მიუთითებს, რაში სჭირდება მოსწავლეს დახმარება საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოსავლენად. კლასის დამრიგებელ-კოორდინატორმა საკუთარი და სხვა მასწავლებლებისაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, IV კლასის ბოლოს უნდა დაწეროს შემაჯამებელი წერილობითი შეფასება.

 V კლასის მეორე სემესტრსა და VI კლასის ორივე სემესტრში განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება გამოიყენება ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ საგნებში გარდა სპორტისა. მოსწავლე ფასდება ათქულიანი სისტემით, ყველაზე დაბალი ქულა არის 1, ხოლო ყველაზე მაღალი ქულა – 10. 

V კლასის II სემესტრიდან და VI კლასის ორივე სემესტრში სპორტის საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულ საგნებში მოსწავლე ფასდება ჩათვლის სისტემით: ჩაეთვალა/არ ჩაეთვალა.

 

დამატებით სავალდებულო საგნებში მოსწავლე ფასდება განმავითარებელი შეფასებით.

  

ოფიციალური სტატუსის მქონე ნიშნები

 

ოფიციალური სტატუსი აქვს შემდეგ ნიშნებს:

 

  •     საგნის მიმდინარე და შემაჯამებელი ქულა – საკლასო და შემაჯამებელი კომპონენტის  ნიშნები, რომლებსაც მოსწავლე იღებს სემესტრის განმავლობაში;
  •   საგნის სემესტრული ქულა – საგანში მიღებული შეფასება თითოეულ სემესტრში (სემესტრული გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში გამოითვლება მისი გათვალისწინებით; გამოთვლის წესი იხ.ქვემოთ); 
  •               საგნის   წლიური ქულა – სემესტრული ნიშნებიდან გამომდინარე შეფასება საგანში. გამონაკლისს წარმოადგენს მეხუთე კლასის წლიური ქულა, რომელიც მეორე სემესტრის საგნის სემესტრული ქულის იდენტურია;
  •         საფეხურის საერთო ქულა – ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის საერთო შეფასება.

 

                      1.             საგნის სემესტრული ნიშნის შემადგენელი ნაწილები (კომპონენტები)

 

                                                                                                            სემესტრის მანძილზე მოსწავლეები  ფასდებიან სამი კომპონენტის მიხედვით:

 

სემესტრის განმავლობაში განმსაზღვრელი შეფასებით მოსწავლეები ფასდებიან შემდეგ კომპონენტებში:

ა) მიმდინარე საკლასო დავალება (V კლასის მეორე სემესტრი და VI კლასის ორივე სემესტრი),

გ) შემაჯამებელი დავალება (V კლასის მეორე სემესტრი, VI კლასის ორივე სემესტრი).

I-VI კლასებში საშინაო დავალების კომპონენტში გამოიყენება მხოლოდ განმავითარებელი შეფასება.

I-IV კლასებსა და V კლასის პირველ სემესტრში საკლასო და შემაჯამებელ დავალებათა კომპონენტებში გამოიყენება მხოლოდ განმავითარებელი შეფასება. 

V კლასის მეორე სემესტრსა და VI კლასის ორივე სემესტრში საკლასო და შემაჯამებელ დავალებათა კომპონენტებში გამოიყენება როგორც განმსაზღვრელი, ასევე განმავითარებელი შეფასება. 

 

საშინაო, საკლასო და შემაჯამებელ დავალებათა კომპონენტები

 

საშინაო დავალების კომპონენტში განმავითარებელი შეფასებით ფასდება ნებისმიერი ტიპის დავალება (წერითი, ზეპირი, ექსპერიმენტი, ნამუშევარი (მაგ. ნახატი, ესე და სხვ.), რასაც მოსწავლე სახლში ამზადებს.

საკლასო დავალებებში შესაძლებელია როგორც განმსაზღვრელი, ასევე განმავითარებელი შეფასების გამოყენება. განმავითარებელი შეფასების გამოყენება განსაკუთრებით მაშინ არის სასურველი, როცა  მოსწავლე ახალი ცოდნის/უნარების შეძენის   საწყის ეტაპზეა. ამ დროს შეცდომების დაშვება, მათი აღმოჩენა-გაანალიზება სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილია.

საგნობრივი ჯგუფების სპეციფიკიდან გამომდინარე საშინაო და საკლასო დავალებათა ტიპები შეიძლება იყოს: ინფორმაციის მოძიება, პრეზენტაცია, სავარჯიშოების შესრულება, ექსპერიმენტი, დისკუსია და სხვა. ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, თითოეულ მასწავლებელს შემუშავებული აქვს სხვადსხვა აქტივობის ინდივიდუალური შეფასების სქემები.

თითოეულმა მასწავლებელმა შესაძლებელია თვითონ შეიმუშაოს ინდივიდუალური შეფასების სქემა/რუბრიკა.

შემაჯამებელი დავალების კომპონენტში სავალდებულოა როგორც ტესტური, ასევე კომპლექსური კონტექსტის მქონე დავალებების გამოყენება (მაგ., ესეს დაწერა, პროექტის მომზადება, ლაბორატორიული კვლევის ჩატარება, ამოცანის ამოხსნა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშის შექმნა, მოთხრობის შედგენა,  კონკრეტული პრობლემის გადაჭრა, საველე-გასვლითი სამუშაოს ან სასწავლო ექსკურსიის ანგარიშის მომზადება და სხვ.). ამგვარ დავალებაში შესრულებული სამუშაოს მრავალმხრივი შეფასებისათვის პედაგოგმა უნდა შეიმუშავოს მოსწავლეების შეფასების კრიტერიუმები.

10 ქულაზე მეტი შეფასების რუბრიკის გამოყენების შემთხვევაში, მიღებული ქულის 10 ქულიან სისტემაზე გადაყვანა ხდება შემდეგი პრინციპით:  მიღებული ქულა უნდა გამრავლდეს 10-ზე და გაიყოს მაქსიმალურ ქულაზე (მაგ. თუ შეფასების რუბრიკა არის 40 ქულიანი და მოსწავლემ მიიღო 27 ქულა, ქულის კონვერტაცია ხდება შემდგი სახით: (27*10:40=6,75). 

 

შემაჯამებელი დავალებების კომპონენტი

შემაჯამებელი დავალების კომპონენტი უკავშირდება სწავლა-სწავლების  შედეგს. ამ კომპონენტში ფასდება ერთი სასწავლო მონაკვეთის  (თემა, თავი, პარაგრაფი, საკითხი)  შესწავლა-დამუშავების შედეგად მიღწეული შედეგები. კონკრეტული სასწავლო ერთეულის დასრულებისას მოსწავლემ უნდა წარმოაჩინოს სტანდარტით განსაზღვრული ცოდნა და უნარები.

V კლასის II სემესტრში და VI კლასის ორივე სემესტრში შემაჯამებელი დავალების სახით მოსწავლეებს მიეცემათ  მრავალფეროვანი, ტესტური და კომპლექსური ტიპის დავალებები.

შემაჯამებელი დავალებების აღდგენის წესი

შემაჯამებელი დავალებების აღდგენის წესი: მოსწავლე ვალდებულია შეასრულოს  კლასში ჩატარებული ყველა შემაჯამებელი  დავალება, გაცდენის შემთხვევაში მოსწავლეს ენიშნება აღდგენითი  შემაჯამებელი  დავალება, რომელიც  შეიძლება შესრულდეს ინდივიდუალური ან ჯგუფური გრაფიკის მიხედვით, გაკვეთილების შემდეგ.

შემაჯამებელი დავალების აღდგენა უნდა  მოხდეს მოსწავლის სკოლაში გამოცხადებიდან ორი კვირის ვადაში. კონკრეტულ დროს განსაზღვრავს საგნის მასწავლებელი. თუ მოსწავლემ საგნის მასწავლებლის მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეასრულა შემაჯამებელი დავალება, მას განმეორებით აღდგენის საშუალება არ ეძლევა და სემესტრული ქულის გამოანგარიშებისას გათვალისწინებული იქნება შეუსრულებელი შემაჯამებელი დავალება (ჩაეთვლება 0 ქულად).

ქულების გამოანგარიშების წესი

 

  1. საგნის სემესტრული ქულის გამოანგარიშების წესი:

ა) მოსწავლის მიერ სემესტრის განმავლობაში მიღებული ქულების ჯამი გაიყოფა მიღებული ქულების რაოდენობაზე;

ბ) მიღებული ქულა დამრგვალდება მთელის სიზუსტით (მაგ., 6.15 მრგვალდება 6-მდე, 7.49 მრგვალდება 7-მდე, 8.5 მრგვალდება 9-მდე);

გ) იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს არა აქვს შესრულებული ყველა ჩატარებული შემაჯამებელი დავალება, მისი სემესტრული ქულის გამოსაანგარიშებლად სამივე კომპონენტში მიღებული ქულების ჯამი გაიყოფა მიღებული ქულებისა და შეუსრულებელი შემაჯამებელი დავალებების რაოდენობის ჯამზე.

დ) თუ სემესტრის განმავლობაში სკოლიდან სკოლაში გადმოსვლისას აღმოჩნდება, რომ „საერთაშორისო აკადემია ლოგოსში“ რომელიმე საგანში/საგნებში ჩატარებულია შემაჯამებელი დავალების/დავალებების უფრო მეტი რაოდენობა, ვიდრე გამშვებ სკოლაში, „საერთაშორისო აკადემია ლოგოსი“ მოსწავლის შემაჯამებელი დავალების რაოდენობას დაითვლის გამშვებ სკოლაში დადგენილი და მოსწავლის მიერ შესრულებული, ასევე „საერთაშორისო აკადემია ლოგოსში“  მოსწავლის გადმოსვლის მომენტიდან ჩატარებული და მის მიერ შესრულებული შემაჯამებელი დავალებების მიხედვით;

ე) სემესტრული გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში, სემესტრული ქულა გამოითვლება მისი გათვალისწინებით: გამოცდის ქულა ემატება საგნის სემესტრულ ქულას და ჯამი იყოფა ორზე.

  1. საგნის წლიური ქულის გამოანგარიშების წესი:

ა) VI კლასში საგნის წლიური ქულის გამოსაანგარიშებლად საგნის სემესტრული ქულების ჯამი გაიყოფა ორზე. V კლასში მოსწავლე ფასდება მეორე სემესტრის შეფასების მიხედვით;

ბ) საგნის წლიური ქულა მრგვალდება მთელის სიზუსტით;

გ) თუ მოსწავლეს,  სკოლიდან სკოლაში  სემეტრის მიმდინარეობისას გადმოსვლის გამო,  „საერთაშორისო აკადემია ლოგოსში“ მოუხდება განსხვავებული საგნების სწავლა და მანამდე ნასწავლ საგანში მიღებული აქვს შეფასება, რომლის საშუალო არითმეტიკული არის 5.0 ან მეტი, ეს ქულა დაუფიქსირდება ნასწავლი საგნის სემესტრულ/წლიურ ქულად (თუ საგნის სწავლება მეორე სემესტრში არ გრძელდება).  ამასთან, შპს „საერთაშორისო აკადემია ლოგოსმა“ უნდა შეაფასოს მოსწავლე ახალ განსხვავებულ საგანში, თუ ეს ესწრება სემესტრის დასრულებამდე;

დ) მოსწავლის მიერ სემესტრის დასრულების შემდეგ სკოლიდან სკოლაში გადმოსვლის გამო, „საერთაშორისო აკადემია ლოგოსში“ განსხვავებული საგნის სწავლის შემთხვევაში, განსხვავებული საგნების სემესტრული ქულები აღირიცხება, როგორც ორი დამოუკიდებელი საგნის წლიური ქულა. (მაგ. თუ მოსწავლე პირველ სემესტრში უცხოურ ენად სწავლობდა ფრანგულს, მეორე სემესტრში კი ფრანგულის ნაცვლად – გერმანულს, მაშინ ფრანგული ენის სემესტრული ქულა გადადის ფრანგული ენის წლიურ ქულად, ხოლო გერმანული ენის სემესტრული ქულა – გერმანული ენის წლიურ ქულად).

  1. საფეხურის  საერთო  ქულის გამოანგარიშების წესი:

ა) საფეხურის ქულის გამოთვლისას ჯამდება საფეხურის მანძილზე ნასწავლი ყველა საგნის წლიური ქულა და ჯამი იყოფა ქულების საერთო რაოდენობაზე;

ბ) საფეხურის საერთო ქულა მრგვალდება მეათედის სიზუსტით (მაგ., 6.43 მრგვალდება 6.4-მდე, 7.58 მრგვალდება 7.6-მდე).

 

 კლასისა და საფეხურის  დაძლევა

 

  1. კლასი დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის თითოეული საგნის წლიური ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი და მოსწავლეს მიღებული აქვს ჩათვლა ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ სპორტის საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულ საგნებში;
  2. დაწყებითი საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის  საფეხურის საერთო ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი და ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, დაძლეული აქვს V-VI კლასები, რაც აძლევს  მას  საბაზო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას.

 

შეფასება და გაცდენები

 

  1. მოსწავლეთა გაცდენები აღირიცხება ელექტრონულ  ჟურნალში. გაკვეთილებზე მოსწავლეთა დასწრების ყოველდღიური აღრიცხვის წარმოებაზე პასუხისმგებელია საგნის მასწავლებელი. თითოეული მასწავლებელი გაკვეთილის დასაწყისში აღრიცხავს მოსწავლეთა დასწრებას.

 

გამოცდის ტიპები

 

ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, 2023-2024  სასწავლო წელს სკოლაში  შესაძლებელია ჩატარდეს  შემდეგი ტიპის გამოცდები:

                      სემესტრული გამოცდა;

                      საშემოდგომო გამოცდა;

                      ექსტერნატის  გამოცდა;

 

სემესტრული  გამოცდა                                                                      

 

  1. სემესტრული გამოცდა ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე თვლის, რომ მას უფრო მაღალი შეფასება ეკუთვნის.
  2. სემესტრული გამოცდის დანიშვნისთვის მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი სკოლის დირექტორს მიმართავს პირველი სემესტრის შეფასების შემთხვევაში – მეორე სემესტრის დაწყებიდან ერთი კვირის ვადაში, ხოლო მეორე სემესტრის შემთხვევაში – სემესტრის დასრულებიდან ერთი კვირის ვადაში. დირექტორი განიხილავს საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას მოსწავლის სემესტრულ გამოცდაზე დაშვება-არდაშვების შესახებ. დაშვებაზე უარის შემთხვევაში, გადაწყვეტილება იქნება დასაბუთებული.
  3. მოსწავლის გამოცდაზე დაშვების შემთხვევაში, სკოლამ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები გამოცდის ობიექტურად და მიუკერძოებლად ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით.
  4. მოსწავლის გამოცდაზე დაშვების შემთხვევაში, გამოცდაზე გასული მოსწავლის საგნის სემესტრული ნიშანი გამოითვლება შემდეგი წესით: სემესტრული გამოცდის ქულა ემატება საგნის სემესტრულ ქულას და ჯამი იყოფა ორზე.
  5. VI კლასში პირველი სემესტრის სემესტრული გამოცდა ინიშნება მეორე სემესტრის დაწყებიდან 2 კვირის ვადაში, ხოლო მეორე სემესტრის სემესტრული გამოცდა – სემესტრის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 კვირის ვადაში.

 

საშემოდგომო გამოცდა                                                                      

 

  1. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლის საგნის წლიური ქულა იქნება 5-ზე  ნაკლები,  სკოლა დაუნიშნავს საშემოდგომო გამოცდას ამ საგანში;
  2. საშემოდგომო გამოცდამდე სკოლა კონსულტაციებს გაუწევს მოსწავლეებს იმ საგანში/საგნებში, რომლებშიც მათ დაენიშნებათ აღნიშნული ტიპის გამოცდა;
  3. მოსწავლე საგნის/საგნების წლიურ შეფასებას მიიღებს საშემოდგომო გამოცდის საფუძველზე (საშემოდგომო გამოცდის ქულა ხდება საგნის წლიური ქულა);
  4. შპს „საერთაშორისო აკადემია ლოგოსი“ საშემოდგომო გამოცდებს ჩაატარებს წერილობით ტესტირების ფორმით, 2024 წლის 01 სექტემბრიდან 07 სექტემბრამდე. გამონაკლისის სახით, ობიექტური მიზეზის შემთხვევაში (ავადმყოფობა, საზღვრგარეთ ყოფნა და სხვა ოჯახური პირობები), საშემოდგომო გამოცდები შესაძლებელია ჩატარდეს 2024 წლის 29 ივნისიდან 07 ივლისის ჩათვლით.

 

ექსტერნატის ფორმით გამოცდა                                                                      

 

  1. ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების მიღების წესი და პირობები განისაზღვრება კანონმდებლობით;
  2. ექსტერნატის გამოცდას აბარებენ ის პირები, რომლებიც ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების პროგრამებს ძირითადად დამოუკიდებლად ძლევენ და ექსტერნატის გამოცდას აბარებენ შესაბამისი განათლების დასადასტურებლად, რაც მათ შემდეგ კლასში/საფეხურზე სწავლის გაგრძელების საშუალებას მისცემს („წინმსწრები“).